რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის მამაკაცია. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, დღეს რუსთავში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი – მარიამ სოფრომაძე და ინგა ბეგაშვილი მოკლა. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი და სიდედრი 9 თვის ჩვილს ეტლით ასეირნებდა.
ბრალდებული მამაკაცის ფოტოს, საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.
სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.